21 მარტი 2025,   11:52
ვრცლად
ოპოზიციის მანდატები გაუქმდა - მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 49 დეპუტატით ნაკლებია

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში დღეიდან ოფიციალურად 49 დეპუტატით ნაკლებია. მეთერთმეტე მოწვევის საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო სხდომა სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობით გაიხსნა. ოპოზიციის უმრავლესობისთვის, მანდატების გაუქმებას სესიაზე დამსწრეთა სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველო" ის პოლიტიკურ გაერთიანებებია, რომლებსაც სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ. მანდატების გაუქმებაზე საკანონმდებლო ორგანოს თავადვე მიმართეს, თუმცა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მაინც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დრომდე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით ირიცხება, გიორგი გახარიას გუნდია. პარლამენტისთვის მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ.

სამი ოპოზიციური გაერთიანებისგან დისტანცირებას გიორგი გახარიას გუნდი მათ მიერ შერჩეული ტაქტიკით ხსნის. ამბობენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებში სხვა პარტიების მიდგომებს იზიარებენ, თუმცა მანდატების გაუქმებაზე პარლამენტისთვის მიმართვის საკითხში სტრატეგია განსხვავებული აქვთ. "გახარია საქართველოსთვის" წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 12 მანდატი აქვთ.

გიორგი გახარიას გუნდის არჩევანი საპარლამენტო უმრავლესობას არ გაჰკვირვებია. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

სამი პოლიტიკური ძალისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში ახალი საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნება და ის ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. "ევროპული სოციალისტების" ბაზაზე შექმნილ ჯგუფის წევრები ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი იქნებიან.

რატომ მიიღო პარლამენტმა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს ეს საკითხი პრემიერ მინისტრმა განმარტა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება ადრეც შეეძლოთ, თუმცა კონკრეტულ ძალებს დაფიქრების შესაძლებლობა მისცეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საბოტაჟი ვერ დაკანონდება და პარლამენტმა ამ კუთხით უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღო.

მმართველი გუნდი ოპონენტებს შეახსენებს, რომ საპარლამენტო საქმიანობა პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანია ნაწილია და თუ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ ამისთვის პოლიტიკური ფასიც უნდა გადაიხადონ.

დღის ამბები