
ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ასტანაში, სამთავრობო რეზიდენციაში შედგა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში საუბარი რამდენიმე საათი გაგრძელდა.
შუა დერეფნის პროექტი, ინვესტიციების ზრდა და ტურიზმის განვითარება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც ირაკლი კობახიძემ და ოლჟას ბეკტენოვმა ისაუბრეს. მხარეებს შორის ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავდება. ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან პარტნიორი ქვეყნების - ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად ქცევის ინიციატივაც განიხილა.
თავის მხრივ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. აღნიშნა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. ითქვა ისიც, რომ რეგიონული დაკავშირებადობის პროექტში საქართველო ერთ-ერთი საკვანძო როლის მატარებელი ქვეყანაა.
ირაკლი კობახიძეს ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციაც ახლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრებს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.
მხარებმა გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის საკითხებიც განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ინდივიდუალური გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და მომავალში დაგეგმილ პროექტებზეც იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ასტანაში ხვალ გაგრძელდება, ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ტოყაევს შეხვდება.
ავტორი: ნანა გოგიტაძე.