21 მარტი 2025,   10:30
ვრცლად
რატომ შემცირდა მიმდინარე პროცესებში "ენჯეოების" აქტიურობა - მმართველი გუნდის განცხადებით, ქართულ არასამთავრობო სექტორს მწვავე ფინანსური კრიზისი დაეწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია "სოვ ლაბის" მიერ დონაციის თხოვნის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ქართულ არასამთავრობო სექტორს მწვავე ფინანსური კრიზისი დაეწყო. მიზეზი, კანონმდებლების აზრით, USAID-ის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები და სააგენტოსთვის ტრანშების გაცემის უფლების შეჩერებაა. პოლიტიკოსების თქმით, სააგენტოს ფინანსების გარეშე აშკარაა, რომ მესამე სექტორი პოლიტიკურ სცენაზეც ვეღარ აქტიურობს.

ორგანიზაციას რომ ფინანსური პრობლემები აქვს ამას "სოვ ლაბის" დამფუძნებელიც ადასტურებს. გიორგი კანდელაკის თქმით, მოსახლეობას დახმარებას საბჭოთა არქივებზე წვდომისა და კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფისთვის სთხოვს.

"სოვ ლაბის" პროექტების მენეჯერის გულწრფელობის საპარლამენტო უმრავლესობაში არ სჯერათ. ამბობენ, რომ "სოვ ლაბის" მსგავსად, სხვა "ენჯეობიც" რეალურად თანხებს ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციის წახალისებისთვის იყენებდნენ.

რატომ შემცირდა მიმდინარე პროცესებში "ენჯეოების" აქტიურობა - ამ კითხვას დღეს არასამთავრობოებმა არ უპასუხეს. მათი პოზიციის დაცვა კი ხელისუფლების ოპონენტებს მოუხდათ.

არასამთავრობოების შემცირებულ აქტივობებსა და "სოვ ლაბის" მოთხოვნას დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ შტატებში USAID-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ მას საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" იდეურ მოკავშირეებზეც ნეგატიური გავლენა ექნება.

უკვე რამდენიმე დღეა ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის პროგრამებს მკაცრად აკრიტიკებს. სააგენტო ამ დროისთვის დროებით შეჩერებულია და არც ისაა გამორიცხული, რომ მან 64 წლიანი არსებობა სწორედ 2025 წელს შეწყვიტოს.

დღის ამბები