
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც სხვის დავალებებს ასრულებენ. ამის შესახებ მან პარტია "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა უნდა განახორციელოს.
კახა კალაძის თქმით, ე.წ. დიფ სთეითი მსოფლიოსთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც თავად აშშ-ის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ.
"არაფერი სიახლე არაა. ვიცით, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი აგენტები. "დიფ სთეითი" უდიდესი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და ამაზე თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები საუბრობდნენ. ის ჯერაც არ დამარცხებულა, მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ის აკაცუკები, რომელთაც დღეს აქ პოლიტიკოსების სახით ვხედავთ, ჩვეულებრივი, უსამშობლო აგენტები არიან. ამ რადიკალებს განეკუთვნება ბატონი ხაზარაძეც", – განაცხადა კახა კალაძემ.