
პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ ბოლო შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე რეგიონულ გამოწვევებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს.
"ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტ ტოკაევთან შეხვედრით. იყო ძალიან საინტერესო საუბრები. ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ჩვენი ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ დაახლოებას, ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.