
საქართველოს თავდაცვის მინისტრი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო.
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის მხარდაჭერით დაჭრილ-დაშავებული სამხედროებისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა და საზოგადოებას ღირსეულ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდა.
"ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გატყდე, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და იყო მაგალითი იმ ახალი თაობებისთვის, რომლებიც უერთდებიან თავდაცვის ძალებს. ჩვენ თავდაცვის ძალების დიდ ოჯახში ამ ადამიანებს "დაუმარცხებლებს" ვუწოდებთ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი", კომპანია "სილქნეტის" პატრონაჟით, 2018 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებასა თუ საერთაშორისო მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე ზრუნვაა. ფონდი, თავდაცვის უწყებასთან ერთად, დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, კვლევებით, რეპროთეზირებით, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს.