20 მარტი 2025,   05:29
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ამერიკას "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლისკენ მოუწოდებს - მმართველმა გუნდმა "ლელოს" ლიდერის განცხადებაში საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვისი ინტერესების გატარებაზე ზრუნვა ამოიკითხა

საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვისი ინტერესების გატარებაზე ზრუნვა პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაში ამოიკითხა, რომლითაც პარტია "ლელოს" ლიდერმა ამერიკას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად "ქართულ ოცნებაზე ზეწოლისკენ მოუწოდა. შალვა პაპუაშვილი შტატების ინტერესებში ცუდს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ პრობლემა ქართულ ოპოზიციაშია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე არ ფიქრობს.

მამუკა ხაზარაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ოპოზიციის განცხადებები საქართველოს პრემიერისთვის აღიარებაა, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ, უცხოელი სუბიექტების ინტერესებს ემსახურებიან. მთავრობის მეთაური ხაზარაძეს ჩინეთთან დაკავშირებით ამერიკის 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკის გაცნობასაც ურჩევს.

ხაზარაძის მსგავსი პოზიცია აქვთ ექსპრემიერ გახარიას პარტიაშიც - მათაც მიაჩნიათ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა, საქართველოს ინტერესებშია. თავად "ლელოს" ლიდერი კი დღეს მედიასთან აღარ გამოჩნდა. მის ნაცვლად განმარტებების გაკეთება პარტიის სხვა წევრებს მოუწიათ.

ანაკლიის პორტის საკითხი დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს სახელისუფლებო პარტიის წევრებმა მამუკა ხაზარაძეს და ისიც აღნიშნეს, რომ "ლელოს" ლიდერი სხვა ქვეყნების დავალებებით მოქმედებს, რაც მისი ბოლო განცხადებითაც დადასტურდა.

ანაკლიის პორტის გარშემო გაჩენილ კითხვებს პასუხი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გასცა - დაადგინა, რომ 2016 წელს სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს კანონიერად შეწყდა.

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოს 650 000 დოლარი თავად უნდა გადაუხადოს.

დღის ამბები