
USAID-მა მუშაობა შეწყვიტა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყველა თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს. გათავისუფლებულია უწყების ათობით თანამდებობის პირი. მიზეზი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა, რომელმაც სააგენტოს ხელმძღვანელებს, რადიკალი გიჟები უწოდა და საგარეო დაფინანსება 90 დღით შეაჩერა. ამ პერიოდის განმავლობაში უწყების საქმიანობის მოკვლევა ილონ მასკს და მის სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტს დაევალა. ცნობილია, რომ ტრამპი და მასკი USAID-ის დახურვას ერთობლივად გეგმავენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სააგენტოს მენეჯმენტს მფლანგველობაში, რიგ შემთხვევაში კი სახსრების დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.
USAID-ის შესახებ მორიგი განცხადება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა. საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში ტრამპმა დაწერა, რომ USAID-დან და სხვა სააგენტოებიდან მილიარდობით დოლარია დაკარგული. მისივე განმარტებით, ამ თანხის დიდი ნაწილი მედიასაშუალებებს "დემოკრატების" შესახებ პოზიტიური სტატიების შექმნის სანაცვლოდ გადაეცათ.
ტრამპის მიერ სააგენტოს გაუქმების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, ვაშინგტონში საპროტესტო აქციები დაიწყო.
დონალდ ტრამპი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რეფორმირებასაც გეგმავს. The Wall Street Journal-ის გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ უწყების ყველა თანამშრომელს სამსახურიდან წასვლა შესთავაზეს. სანაცვლოდ მათ დაჰპირდნენ, რომ ანაზღაურებას რვა თვის განმავლობაში კომპენსაციის სახით მიღებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, სპორტს ეხება. დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი განკარგულებით ტრანსგენდერი ქალების ქალთა სპორტში მონაწილეობა აკრძალა. ამერიკული მედია წერს, რომ ეს მეოთხე აღმასრულებელი ბრძანებაა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც ტრამპმა 20 იანვრის შემდეგ მოაწერა ხელი.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.