
2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ევრონიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა.
ასევე, როგორც "ევრონიუსი" წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დღეის მდგომარეობით, არსებული არაჯანსაღი ურთიერთობების მიზეზი არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკაა და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
"ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამის მიზეზი არა საქართველოს ევროპოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკაა საქართველოს მიმართ. ასე რომ თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.