
"კანონები მიზნად ისახავს იმას, რომ მოხდეს ეფექტიანად უზრუნველყოფა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მშვიდობის" - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მიღებული ცვლილებების პაკეტის შესახებ საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტი სახელმწიფოს მართვის ეფექტურ იარაღია.
"კანონები მიზნად ისახავს იმას, რომ მოხდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მშვიდობის ეფექტიანად უზრუნველყოფა. შესაბამისმა ნორმებმა მაღალ ეფექტურად შეასრულონ შემაკავებელი ფუნქცია. შეკრებებსა და მანიფესტაციებზე, მათ შორის მანიფესტანტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები გათვალისწინებული," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თანახმად, აქციის დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების და რკინიგზის ბლოკირება უფრო მკაცრად დასჯადი გახდება.
ძალადობრივი ქმედებების შესახებ საჯარო მოწოდებებზე კი ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა შემოდის. კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ 83 ხმით მიიღო.