
პოლიტიკური შეფასებები გრძელდება მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ახალ კანონებზე. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციისთვის, უკანონო ქმედებების აკრძალვა რუსული ნაბიჯია. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია არის უკანონო დაფინანსების ბენეფიციარი, შესაბამისად, მას არ უნდა, რომ გამხელილ იქნას ამ უკანონო ბენეფიციარობის წყარო.
"ოპოზიცია, სამწუხაროდ, არის უკანონო დაფინანსების ბენეფიციარი. ბუნებრივია, რომ მას არ უნდა გამხელილ იქნას ამ უკანონო ბენეფიციარობის წყარო და აღკვეთილი იქნას. ამიტომ, ის ყველაფერს იკადრებს. სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნილი ამერიკული კანონი და ინგლისური კანონი მისთვის მაინც რუსულია. უკანონობის აკრძალვა მისთვის არის რუსული და უკანონობის მიღება მისთვის არის ევროპული," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცვლილებების მიხედვით, ქართულ ენაზე ითარგმნება ამერიკული ფარა. დასავლური ქვეყნების ანალოგით მომზადებული ახალი კანონი კი მედიას შეეხება. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ბრიტანულ მოდელს და კანონმდებლობას გაითვალისწინებენ.
ცვლილების მიხედვით, შეიზღუდება მედიის დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. თუმცა ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს. მმართველი გუნდი ცვლილებების პაკეტს უახლოეს დღეებში დააინიცირებს.