
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. კერძოდ, საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" და "ნაციონალურ მოძრაობა" გახარიას პარტიას უპირისპირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განმარტებით, დღეს მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს და გეგმებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაც კი არ გააჩნიათ.
"ოპოზიცია ცდილობდა აქამდე შეექმნა ილუზია, რომ თითქოს ისინი წარმოადგენენ საერთო გუნდს, მათ აქვთ კონსოლიდირებული პოზიცია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით კი არა, მათ ერთიან გეგმებთან და მომავალ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც კი არ აქვთ საერთო პოზიცია. ისინი იმაზეც ვერ ჩამოყალიბდნენ, შემოსულიყვნენ თუ არა პარლამენტში. ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, მათ ერთმანეთში არ აქვთ პარტნიორული დამოკიდებულები, კონკურენტებად აღიქვამენ ერთმანეთს, თუმცა ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია," - აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.