19 მარტი 2025,   23:51
ვრცლად
10 000 თანამშრომლიდან USAID-ში მხოლოდ 294 რჩება - რაში იხარჯებოდა ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელიც ამერიკელების ინტერესებს არ ემსახურებოდა

10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 - დონალდ ტრამპის მორიგი გადაწყვეტილება USAID-ის პროგრამებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხო. წყაროები თეთრი სახლიდან ამბობენ, რომ მხოლოდ 294 თანამშრომელს ექნება სამსახურის შენარჩუნების საშუალება, მათ შორის 12-ს აფრიკის და 8-ს აზიის ბიუროში.

იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და 30 დღის განმავლობაში სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, თავად შტატების ხელისუფლება დაეხმარება. პირობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დადო.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთი დიდი სკანდალი დააანონსა - დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ USAID-სა და სხვა სააგენტოებში მილიარდობით დოლარი მოიპარეს, რომელთა დიდი ნაწილით დაბალი ხარისხის გაზეთებში ყალბი ახალი ამბები დაფინანსდა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა POLITICO ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 8 მილიონ დოლარს ვეღარ მიიღებს.

მორიგი პოსტი მედიასთან დაკავშირებით გაავრცელა ილონ მასკმაც. ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ USAID-ი მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 707 მედიას და 279-მდე არასამთავრობო ჟურნალისტურ ორგანიზაციას, ასევე 6 200 ჟურნალისტს აფინანსებდა.

მასკის სტატუსს, წინ "ვიკილიქსის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია უსწრებდა, რომელშიც ეწერა, რომ USAID-ი 6 200-ზე მეტ ჟურნალისტს აფინანსებდა. ასევე, ბიუჯეტი 279 ჟურნალისტური ორგანიზაციისთვის იყო გამოყოფილი, მათ შორის უკრაინაში მოქმედი 10 მედია ორგანიზაციიდან ცხრას სწორედ USAID-ი აფინანსებდა. "ვიკილიქსმა" დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა.

USAID-ის მიერ ფინანსების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაცია, თავად თეთრი სახლმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია, რომ შტატების განვითარების სააგენტო ათწლეულების განმავლობაში ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი, მავნებლური პროექტებზე ხარჯავდა ფულს. ასეთი პროგრამების სია დიდია.

აშშ-ის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება. პირველი გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის მეორე დღესვე მიიღო და 21 იანვარს ყველა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა.

დღის ამბები