
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში საქმიანობის დაწყებაზე უარს ამბობს, თუმცა მანდატების დათმობას არ აპირებს. გახარიას გუნდის ამ პოზიციამ ეჭვები გააჩინა სხვა პარტიებში. "ლელოს" ლიდერმა საგანგებო მიმართვაც გაავრცელა და მოუწოდა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, შეცვალოს მიდგომა და უარი თქვას დეპუტატის მანდატებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ფარულ ხელშეწყობის ნიშნებს ხედავს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მიმართვა ადრესატებმა არასერიოზულად აღიქვეს. გიორგი გახარიას გუნდი ხაზარაძის მოწოდებას სხვისი პარტიის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს. ამბობენ, რომ პოზიციას არ შეიცვლიან და ამაზე გავლენას ვერცერთი ლიდერის განცხადება ვერ მოახდენს.
"ქართული ოცნებისთვის" გახარიას გუნდის მიმართ სხვა ოპოზიციური პარტიების მოწოდებები, პოლიტიკურ ეჭვიანობას ჰგავს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არცერთ პარტიას, რომელმაც საპარლამენტო უფლებამოსილება შეიწყვიტა, გახარიას გუნდისთვის არ ემეტება ის ბერკეტები, რასაც სადეპუტატო მანდატი ითვალისწინებს.
4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის" ერთადერთია, რომელიც საპარლამენტო შემადგენლობაში ამ დრომდე ირიცხება და 12 მანდატის მფლობელია. სწორედ მანდატებისთვის ბრძოლას უწოდებენ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გიორგი გახარიას უარს ის პარტიები, რომლის 49 წევრსაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე უკვე შეუწყდა.
გახარიას სვლას მმართველ გუნდში დღეს პოლიტიკური თვალთმაქცობაც უწოდეს. "ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ პარტიას ახლა ორი არჩევანი აქვს: ან დათანხმდეს პარლამენტში შესვლას ან, მათივე თქმით, დარჩეს ქუჩაში.
ამ დროისთვის, პარლამენტში 101 დეპუტატი ირიცხება. აქედან 89 საპარლამენტო საქმიანობაშია ჩართული, 12 მანდატის გააქტიურებაზე კი გახარია ჯერ ისევ უარს ამბობს.