19 მარტი 2025,   23:21
ვრცლად
ამერიკული "ფარა" და BBC-ის სტანდარტით ცნობილი ბრიტანული მედიის რეგულირების შესახებ კანონი - "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ამზადებს

ამერიკული "ფარა" და BBC-ის სტანდარტით ცნობილი ბრიტანული მედიის რეგულირების შესახებ კანონი - მმართველი გუნდი ახალი საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად ემზადება. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ დეზინფორმაციისა და ე.წ. ფეიკ ნიუსის ეპოქაში, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მათი პრევენციის ქმედითი მექანიზმი არსებობდეს. ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა კი ამ კუთხით გამოცდილი და გამართულია.

მას შემდეგ, რაც ამერიკული "ფარას" ზუსტი ასლი საქართველოში კანონად იქცევა, ავტომატურად გაუქმდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბოლო დროს USAID-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა უცხოური მავნე გავლენებისგან დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. "ფარას" მოქმედი რედაქციის კოპირება კი ყველაზე ეფექტური, ამერიკული გამოცდილების გაზიარება იქნება.

"ფარა" და რეგულირების კანონი რომ დასავლურია - ოპოზიციაში ვერ უარყოფენ. თუმცა ამბობენ, რომ ის რაც ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამართულად მუშაობს, საქართველოში შემზღუდავი ეფექტი ექნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ახალი რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან სრულ თანხვედრაში იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ორი დღის წინ დააანონსა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მას კანონად, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე აქცევს.

დღის ამბები