20 მარტი 2025,   04:53
ვრცლად
ალასკაზე დაკარგული თვითმფრინავი მაშველებმა იპოვეს - ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ალასკაზე დაკარგული Bering Air-ის თვითმფრინავი მაშველებმა იპოვეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი მაშველებმა ზღვის ყინულზე, ალასკაში, ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ამის შესახებ აშშ-ს სანაპირო დაცვამ განაცხადა და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფოტოები გაავრცელა.

სანაპირო დაცვის განმარტებით, თვითმფრინავის შიგნით სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია, "მაგრამ ამჟამად მათი პოვნა თვითმფრინავის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება", - თქვა სანაპირო დაცვის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ში, ალასკაზე Bering Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 9 მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა, რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.

ალასკას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ალასკას შტატის ჯარისკაცებმა მიიღეს შეტყობინება, რომ რეისი უნალაკლეიტიდან ნომის მიმართულებით ვერ დაეშვა და სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით რადარებიდან გაქრა.

დღის ამბები