
სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ბერძნულ კუნძულ სანტორინიზე მიწისძვრების სერია არ დასრულებულა და ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ჯერ კიდევ წინ არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის გენერალურმა მდივანმა რემი ბოსუმ თქვა, რომ უჩვეულო ბიძგების შეფასებას “დღეები, შესაძლოა კვირებიც დასჭირდეს“, მაგრამ აღნიშნა, რომ მიწისძვრების სერია ჩვეულებრივ უფრო დიდი ბიძგების წინ ხდება.
ცნობისთვის, ბოლო 11 დღის განმავლობაში, ეგეოსის ზღვაში 6,400 მიწისძვრა დაფიქსირდა. უწყვეტი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, კუნძული სანტორინი ათასობით ადამიანმა დატოვა.
ავიაკომპანიებმა კუნძულის დატოვების მსურველებისთვის დამატებითი რეისები დანიშნეს. სკოლები ამ დრომდე დაკეტილია.
სანტორინის სასტუმროები, რესტორნები და სხვა ღირსშესანიშნაობები მას შემდეგ დაცარიელდა, რაც ადგილობრივებმა და ტურისტებმა ტერიტორია თანმიმდევრულად დატოვეს.
კუნძულის ზოგიერთ რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული უბნები ლენტით იყო შემოსაზღვრული. ხელისუფლება მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავებას ურჩევს.