24 მარტი 2025,   02:10
ვრცლად
ევროპელი მაღალჩინოსნების ერთობლივი განცხადება - მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისთვის პრობლემურია ყველა ის ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შევიდა. კაია კალსმა და მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ევროპელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება.

სამართლიანობას და ობიექტურობას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება დასავლელი მაღალჩინოსნებისგან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაშინ, როდესაც 3 ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანება საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეც კი უარს ამბობს, მოწოდება დიალოგისკენ, გაუგებარია. ირაკლი კობახიძე მესამე სექტორზეც მიუთითებს და მათ ქვეყანაში არეულის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. პრემიერი ამბობს იმასაც, რომ დაკავებულების გათავისუფლებაზე საუბრის დროს ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რეაგირება ექნება.

კაია კალასისა და მარტა კოსის პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები სრულად იზიარებენ. ამბობენ, რომ მათი მოწოდებების უგულებელყოფა, ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადების შინაარსს პარლამენტის თავმჯდომარემ გამაოგნებელი უწოდა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ შეცდომების აღიარებისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის ფინანსების გასაჯაროების ნაცვლად, ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის ფარისევლობაა ისიც, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებას ახალი ცვლილებების ამოქმედებისგან თავი შეკავებას, ეუთო/ოდირის დასკვნის მომზადებამდე მოუწოდებენ, მეორეს მხრივ კი თავად ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო ანგარიშს.

ობიექტურობა ეს ის მთავარი მოთხოვნაა, რომლის დაცვასაც საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან და დასავლელი პოლიტიკოსებისგან მოითხოვს.

დღის ამბები