
სიმბოლური კაფსულა ჩაგდებულია - ბათუმში, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. საცხოვრებელი კომპლექსი, დაახლოებით, 20 000-ს კვ.მ.-ზე აშენდება და 1077 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ფარგლებში, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის და რეკრეაციული ზონის მშენებლობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ოცნების ქალაქი" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, ასევე ბათუმის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. პროექტი, ირაკლი კობახიძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ წარადგინა.
"ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის ბიუჯეტი თითქმის 130 მილიონ ლარს შეადგენს. პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ 582 ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ბინა. ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სოციალური პირობების გაუმჯობესება და მოქალაქეების კეთილდღეობა, სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.
ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახები, "ოცნების ქალაქის" მშენებლობის დასრულებას დიდი იმედით ელიან. პროექტი, რომლის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, ადგილობრივებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა, რომელიც 1500 მაყურებელზეა გათვლილი. არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო, გახმოვანების სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ყინულის არენა - უკვე ხვალიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მომავალშიც თანამედროვე, ახალ არენაზე, არაერთი სპორტული ღონისძიება ჩატარდება. პროექტის საერთო ღირებულება 53,9 მილიონ ლარს შეადგენს.
ავტორი: სიმონ შანავა