
ოვალურ კაბინეტში, მედიასთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. დონალდ ტრამპი, ამ მიზნისთვის, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მომდევნო კვირიდან აანონსებს.
შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვოლოდიმირ პუტინთან შეხვედრებს უკვე გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს დიდი ალბათობით მომდევნო კვირას შეხვდება. ზელენსკი პარტნიორი ქვეყნის ახალ მმართველთან დიალოგისთვის უკვე მზად არის. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, უცნობია რა ფორმატში შედგება კომუნიკაცია ლიდერებს შორის.
ტრამპის ეფექტი უკვე აისახა საგარეო პოლიტიკაზეც, ამერიკული დაფინანსების 90 დღით შეჩერების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გრანტების გარეშე დარჩნენ. ქართული ორგანიზაციებისთვის კარგად ნაცნობი USAID-ის ოფისი ვაშინგტონში დაკეტილია.
საგარეო დაფინანსების საკითხში კორუფციული საქმიანობის აღმოფხვრის გამო დონალდ ტრამპი აქებს ილონ მასკს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, Space X-ის დამფუძნებელმა ზუსტად გამოავლინა თაღლითობის ფაქტები USAID-ის შემთხვევაში და მომავალში თავის გუნდთან ერთად მსგავს შემთხვევებს ხელისუფლების სხვა შტოებშიც ამხელს.
ახალი ადმინისტრაციისთვის აქტუალური რჩება პარტნიორი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების პოლიტიკა. საერთაშორისო გამოცემა "როიტერის" თანახმად, დონალდ ტრამპი ორმხრივი გადასახადის დაწესებას კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიმართ გეგმავს, თუმცა ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია.
შეერთებული შტატები კიდევ ერთ მიზანზე საუბრობს - ამერიკა უნდა გახდეს ინვესტიციების ქვეყანა, ამბობს დონალდ ტრამპი. მხოლოდ აქტივების გაყიდვა პრეზიდენტის ხედვით ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის. ეს საკითხი შტატების 47-ე პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთანაც განიხილა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იაპონია ამერიკაში ინვესტიციებს განახორციელებს.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ შევიდა, ამერიკის პოლიტიკური მმართველობის სტილი რადიკალურად იცვლება – მსოფლიო ტრამპის ახალი პოლიტიკის შედეგის მოლოდინშია.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.