
ირაკლი კობახიძის პრემიერობის ერთი წელი. კონსტიტუციის ავტორმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და მთავრობის მეთაურის პორტფელი გასული წლის 8 თებერვალს ჩაიბარა. 2024 წლის პოლიტიკურ კალენდარზე ბევრი ხმაურიანი გადაწყვეტილებაა. თითოეული გადაწყვეტილების მიზნად, მმართველი გუნდი და მისი ლიდერი, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებას ასახელებს.
არჩევნები, რეზონანსული კანონები, ეკონომიკური პარამეტრები, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნა, კრიტიკა ქვეყნის გარედან და ვნებათაღელვა ქვეყნის შიგნით! ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის გამოწვევბი, მიღწევები და ახალი გეგმები - იზი ბურნაძის რეპორტაჟი.
რუსთაველის რვიდან, ინგოროყვას შვიდ ნომრამდე გზას 2024 წლის პირველი თებერვალი და წლის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამცირებს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. პირველად, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირად, კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოდან სახელდება და ფსონი ირაკლი კობახიძეზე იდება.
პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ირაკლი კობახიძე პორტფელს ირაკლი ღარიბაშვილისგან იბარებს და თავად პარტიის თავმჯდომარეობას აბარებს.
კონსტიტუციის ავტორი, პრემიერობის კანდიდატად კონსტიტუციის შესაბამისად სახელდება. პროცესი კი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს და ჯერი ნდობის გამოცხადებაზე დგება. დასახელებიდან მეორე დღესვე, ირაკლი კობახიძე საზოგადოებას სამთავრობო პროგრამას აცნობს და დღის წესრიგის კონტურებს ხაზავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა- აქცენტი ოთხ მთავარ სფეროზე კეთდება. მიზნად კი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა სახელდება.
8 თებერვალი, პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზის კარი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით იხსნება. 84 ხმა 10-ის წინააღმდეგ - დეპუტატები ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას მწვანე ღილაკებით უდასტურებენ. ამტკიცებენ, კონსტიტუციური წესრიგის დამყარების პირობას დებს და ახალი რეგალიით, პოლიტიკურ კალენდარზე ახალი დღეების ათვლა იწყება.
რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა, ორად გაყოფილი ევროპა, მიმდინარე ომები, რომელიც მსოფლიო წესრიგს არღვევს. 2024 მსოფლიოში საარჩევნო წელია. 65 ქვეყანა და პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საარჩევნო ყუთების პირისპირ - პოლიტიკური კომპასი გასასწორებელია. გამონაკლისი არც საქართველოა. წინ საპარლამენტო არჩევნები და 26 ოქტომბერია. დღე, რომელიც რეფერენდუმად და გადამწყვეტ თარიღად ცხადდება. გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ხდება და საარჩევნო მარათონიც იწყება.
შემოდგომის მეორე თვის მიწურულს, პოლიტიკური შედეგები დაითვლება - მილიონ 200 ათასი ხმა. მმართველი პარტიის ანგარიშზე მორიგი, მეცხრე გამარჯვება იქნება, თუმცა იქამდე დღის წესრიგში ბევრი სხვა გამოწვევა და მიზანია.
არჩევნებამდე 6 თვით ადრე, მმართველი პარტია რისკზე მიდის და დღის წესრიგში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ისევ ააქტიურებს. დავიწყებულთან მიბრუნება კი მას შემდეგ ხდება საჭირო, რაც "ქართული ოცნება" შეთანხმებას დარღვეულად, დამრღვევად კი მესამე სექტორს ასახელებს.
იმის მიუხედავად, რომ ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს ხმა უკრაინისთვის, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმის, (მმართველი გუნდი გარე და შიდა ძალებს მეორე ფრონტის გახსნის სურვილში ამხელს). პრობლემად სახელდება უცხო ქვეყნების ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, და რევოლუციის მოწყობის მცდელობები. პრემიერ - მინისტრი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საკითხს ააქტიურებს. ტონი მკაცრდება, ქუჩაში კი ვნებათაღელვა იწყება. ოპოზიციის, მესამე სექტორისა და პარტნიორების კრიტიკას, თან საპროტესტო აქციები ერთვის.
"მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.." დღის წესრიგი კონკრეტდება და წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ ლოზუნგითა და იდეით იმართება. ქვეყანა ისტორიაში პირველად ელექტრონული წესით ირჩევს, არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით ტარდება- ეს კი პრემიერ-მინისტრის დამსახურებით. ( სწორედ ირაკლი კობახიძემ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, საარჩევნო კი სრულად პროპორციულზე გადასულიყო.) კონსტიტუციის ავტორი, ახალ რედაქციაში ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას წერს. რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იწონებს და წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
სრულად პროპორციულ სისტემას ვერც ქვეყნის შიგნით იწუნებენ, კრიტიკას არ იწვევს არც ხმის მიცემის ელექტრონული წესი- თუმცა 26 ოქტომბრის ღამეს, ეგზიტპოლის შედეგებს ოპოზიცია ჯერ ზეიმობს, სამ დღეში კი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს, ბარიერგადალახული ოპოზიციის დიდი ნაწილი მანდატებზე უარს ამბობს და ქვეყანაში, მორიგი საპროტესტო ტალღა იწყება.
გუნდის გადაწყვეტილებას პრემიერ მინისტრი ახმოვანებს. პოლიტიკურ ტემპერატურას, არჩევნებიდან ერთ თვეში გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო მაღლა წევს. 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს (დღის წესრიგიდან ხსნის), მიზეზად კი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოყოფილი გრანტები სახელდება.
გადაწყვეტილებიდან მალევე საპროტესტო აქციები იწყება პარტნიორების მხრიდან კი ტონი მკაცრდება, ევროპულ სანქციებს თან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ერთვის. ქართული ოცნება ამ გადაწყვეტილებას და ევროკავშირის მიდგომებს უსამართლოდ აფასებს და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ურთიერთობების გადატვირთვას ელის, რამაც გავლენა ევროპაზეც უნდა იქონიოს. იმედი მართლდება, ეს მას შემდეგ რაც თეთრ სახლს მეორედ ისევ დონალდ ტრამპი იბარებს. გადაწყვეტილებები გენდერთან დაკავშირებით, შეჩერებული დაფინანსებები, განსაკუთრებული კრიტიკა USAID-ს. "ქართული ოცნება" 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკასთან იდეოლოგიურ თანხვედრას ხედავს. პრემიერ-მინისტრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან სთავაზობს.
საგარეო თუ საშინაო გამოწვევების ფონზე, პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად ქვეყნის უმთავრეს ამოცანებზე მუშაობას განაგრძობს. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა.
და როცა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკაა, ზუსტი მეცნიერება ციფრებშიც ზუსტია. პარლამენტის წინაშე მოხსენებაში ირაკლი კობახიძე ისტორიულ რეკორდზე საუბრობს - დასაქმებულთა რაოდენობა მილიონ 400 ათასია. თუ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, ახლა ეს 11,8 პროცენტამდეა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელი, მომატებული ხელფასები სასწავლო დაწესებულებებში, ჯანდაცვის სფეროს გაზრდილი ბიუჯეტი, აქცენტი ქვეყნის თავდაცვდაცვის უნარიანობაზე და დაგეგმილი პროექტები- ერთ ანგარიშში ჯამდება.
ქვეყნის ეკონომიკას ინვესტიციები და განხორციელებული პროექტები აძლიერებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ინვესტიცია ხორციელდება, საუბარია 6 მილიარდ დოლარიან პროექტზე, რომელსაც ქვეყანა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, "ემაარ ჯგუფთან" აფორმებს. თუმცა ეს გამონაკლისი არ არის- საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს ანაკლიის პროექტი ზრდის. ე.წ. შუა და ცენტრალური დერეფნით კი ჩინეთი ინტერესდება, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ანონსდება ახალი აეროპორტის მშენებლობაც. ეს პროექტმა კი მგზავრების ნაწილს იმ სტადიონზეც ჩამოიყვანს, რომლის მშენებლობაც დაანონსებულია და რომელმაც 70 ათასი მაყურებელი უნდა დაიტიოს.
(პროფესიით იურისტს ციფრები უყვარს). 46 წლის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გზა 2015 წლიდან იწყება, მაშინ როცა ქართული ოცნება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგენს. ერთ წელში პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა იწყება.
მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს კონსტიტუცია ასწავლა, თუმცა მეხუთეს ვერა. ირაკლი კობახიძეს ქვეყნის მთავარი კანონის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში უწევს- კოლეგია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საკითხს განიხილავს. ზურაბიშვილი ბათუმში თავად არ ჩადის, წარმომადგენლებს გზავნის, მთავრობის უფლებამოსილებას კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იცავს. კონსტიტუციის გარანტს კონსტიტუციის დარღვევა უდგინდება.
მალევე მეხუთეს მეექვსე ცვლის. საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. კონსტიტუციაზე ფიცს მიხეილ ყაველაშვილი დებს. მთავარსარდლის პირდაპირი არჩევის წესიც, ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება.
პრემიერ-მინისტრს მხოლოდ იურიდიულ ტექსტებზე არ უმუშავია, წლების წინ ბედი მხატვრულ ლიტერატურაშიც სცადა. პოლიტიკურთან ერთად აკადემიურ საქმიანობასაც განაგრძობს.
იტყვის წლების წინ ირაკლი კობახიძე, თუმცა გავა დრო და ამ გამოცდილებასა თუ პოლიტიკურ კარიერას კიდევ ბევრი შეემატება. ჩვენ იმ რეგალიაზე შევჩერდეთ პოლიტიკურ კალენდარზე, 365 დღის წინ რომ მოინიშნა.