
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში მიმდინარე ომი.
უოლცის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, რომ ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ომის დასრულების საკითხს ევროპაში განიხილავენ.
"მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა დავსვათ. ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკას პრობლემები აქვს. ამერიკის პრეზიდენტი მზადაა გადასახადები, ტარიფები და სანქციები დააწესოს. ჩვენ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დასრულება გვჭირდება. ჩვენი დანახარჯი უნდა ავინაზღაუროთ და ეს უკრაინელებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. საუბარი მათი სასარგებლო წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესახებ იქნება, ასევე, ჩვენი რესურსების შესყიდვის შესახებ. მოლაპარაკებები ამ კვირაში გაიმართება. ამიერიდან, კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. ტრამპი ამ ომს დაასრულებს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ეს ცალსახად ევროპელების პასუხისმგებლობა იქნება," - აღნიშნა მაიკ უოლცმა.