
USAID-ის შემდეგ "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" - შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედია ორგანიზაციების დახურვას ითხოვს. ილონ მასკი მათ რადიკალ მემარცხენეებს უწოდებს და ამბობს, რომ მედია ორგანიზაციები ამერიკელი ხალხის ფულს ფლანგავენ.
ამერიკელი მილიარდერი იზიარებს სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის პოზიციას. რიჩარდ გრენელმა ილონ მასკის მსგავსად, სოციალური ქსელის საშუალებით თქვა, რომ "რადიო თავისუფლება" და "ამერიკის ხმა" სავსეა მემარცხენე აქტივისტებით და დროა წარსულის რელიკვია მედია ორგანიზაციები დაიხუროს.
მედია ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ახალი ადმინისტრაციის კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ტრამპი გეგმავს ილონ მასკს პენტაგონში არამიზნობრივი ხარჯის გამოვლენა დაავალოს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის სიტყვებით, სამხედრო ხარჯებთან ერთად, თანხების მიზნობრიობის შესწავლა, სხვა უწყებებშიც იგეგმება.
"ფოქს ნიუსთან" ინტერვიუს დროს ტრამპს ისიც კითხეს, ენდობა თუ არა მასკს. საპასუხოდ შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ უკვირს, როგორ შეუძლია მასკს ახალი საქმიანობისთვის ამდენი დროის დათმობა. ის რომ დონალდ ტრამპი ამერიკელ მილიარდერს ძალიან ენდობა, ეს კადრებიც ცხადად ადასტურებს
მას შემდეგ რაც ილონ მასკმა, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და საჯაროდ თქვა, რომ ორგანიზაციის "სიკვდილის დროა", ვაშინგტონში USAID-ის ოფისი დაიკეტა. სათაო ოფისზე აღარ არსებობს წარწერა და დაფარულია ორგანიზაციის აბრევიატურაც. თუმცა აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა ბრძანება, რომლითაც სააგენტოს ათასობით თანამშრომელს სამსახურში სიარული აღარ შეეძლო. დაიბლოკა განკარგულებაც, რომლითაც სხვა ქვეყნებში მომუშავე USAID-ის ათასობით თანამშრომელს მუშაობა უნდა შეეწყვიტა და სამშობლოში ოჯახებთან ერთად 30 დღის ვადაში უნდა დაბრუნებულიყო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე USAID-ი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება, სააგენტოს ადმინისტრირების საკითხებს კი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.
დონალდ ტრამპი სატარიფო პოლიტიკასაც არ ივიწყებს. ჟურნალისტებთან საუბრისას, შტატების პრეზიდენტმა დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში ორმხრივ ტარიფებს გამოაცხადებს, რომლებიც ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები ევროკავშირს შეეხება, ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვება. ევროკავშირის პოზიცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაახმოვანა.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ფოლადზე 25 პროცენტიანი, ხოლო ალუმინზე 10 პროცენტიანი ტარიფები დააწესა. თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს საშეღავათო კვოტები მიანიჭა. ახლა კი, ადგილობრივი მედიის ცნობით, ტარიფების დაწესება, ყველაზე მეტად კანადაზე და მექსიკაზე აისახება, რადგან ეს ორი ქვეყანა, ფოლადის მიწოდების კუთხით, აშშ-ს ყველაზე დიდი პარტნიორები არიან.