21 მარტი 2025,   11:50
ვრცლად
მოქმედებს თუ არა საქართველოში ჯაშუშური ქსელი, რომელიც უცხო ძალების კონტროლს ექვემდებარება - გენერალური პროკურატურის, სუს-ის და შსს-ს ერთობლივი გამოძიება

საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, გენერალურმა პროკურატურამ ჩვენება ნანა კაკაბაძეს ჩამოართვა. ის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიერ წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი ავტორი და განმცხადებლებიდან პირველია, ვინც 4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებები წარუდგინა.

საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე, შიდა და გარე აქტორების მხრიდან, სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეისწავლის. "ერთიან ნეიტრალურ საქართველოში" ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობდნენ, რაც სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

გამოძიებას, რომელშიც ერთდროულად სამი უწყება - გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო უწყებას თავად განმცხადებლების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურატურა დაწყებული გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოავლენს, ვინც ბოლო წლებში უცხოურ ორგანიზაციებთან თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება,საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, დღეს დაიწყო. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის ორ - 318-ე და 319-ე მუხლებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების მიზნით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად, საგამოძიებო ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ჩაერთნენ.

დღის ამბები