30 აპრილი 2025,   11:15
ვრცლად
"ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ" - ირაკლი ზარქუა გაბიტაშვილის ცემის ფაქტზე

ლაშა გაბიტაშვილთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი ზარქუამ, რომელიც აბუ დაბის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. დეპუტატმა ყველას მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

"ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება ამ პიროვნებას, ვინმეს თუ ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, არ მომრიდებია პასუხი გამეცა ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყო. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მან დააფიქსირა პოზიცია. გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არცერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა.

საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა ამ თემით ქულები დაიწერონ. რაიმე ეჭვი თუ არსებობს, აგერ არის პოლიცია და არ გაუჭირდება ჩივილი. თუ დამიბარებენ, იმავე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც მივეცი აბუ-დაბიში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ. ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ", – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები