
დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი მიმდინარეობს - 6 ათასამდე მონაწილეს ცოტა ხანში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს. ირაკლი კობახიძე გაერთიანებულ საამიროებში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მინისტრები სამიტის გახსნით სესიას დაესწრნენ. მათი თქმით, დუბაიში იგეგმება შეხვედრები წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
რაც შეეხება სიტყვით გამოსვლას, ყურადღება გამახვილდება საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და სამომავლო გეგმებზე. შეკრების ძირითადი მიმართულება სწორედ ეკონომიკაა.
სამიტში 30-ზე მეტი მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს.
"მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ლიდერები იკრიბებიან სამომავლო თანამშრომლობის თემებზე სასაუბროდ და იმ პრიორიტეტებზე სასაუბროდ, რაც დგას გლობალური დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან აქ როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივ კონტექსტში ძალიან საინტერესო მონაწილეები იკრიბებიან, მათთან არის შესაძლებლობები შეხვედრების და აზრთა გაცვლა-გამოცვლის. რა თქმა უნდა იქნება პრემიერ-მინისტრის მიმართვა სამიტისადმი, რაც ასევე მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გლობალურად და რა თქმა უნდა გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ორმხრივი შეხვედრებისთვის და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.