22 მარტი 2025,   19:01
ვრცლად
გენერალურ პროკურატურაში "ნაციონალური მოძრაობისა" და კიდევ სამი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ჩვენება უკვე ორმა ადამიანმა მისცა - რას ამბობენ ბრალდების ადრესატები

"ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი მეორე მომჩივანია, ვინც საგამოძიებო უწყებას, საქართველოში მოქმედი შესაძლო ჯაშუშური ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას, ბოლო 13 წლის განმავლობაში, 4 ოპოზიციური პარტიის სავარაუდო რევოლუციურ გეგმებზე კონკრეტული მტკიცებულებებიც წარუდგინა. საუბარია "ერთიანი ნეიტრალური" საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს. საგამოძიებო ჯგუფი შიდა და გარე აქტორების მხრიდან, სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეისწავლის, საზოგადოებრივი მოძრაობა კი ყველა დამნაშავე პირის გასამართლებას ითხოვს.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ ბრალდების ადრესატები. ოპოზიციური პარტიები, რომელთა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ახლა პროკურატურამ, სუს-მა და შსს-მ უნდა შეისწავლოს, ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებაში აღძრულ საქმეს, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ ოთხივე ბარიერგადალახულ პარტიას, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მაინც მოუწევს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ სამი უწყებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფი, ყველა იმ პოლიტიკოსის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, ვინც უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, შესაძლო რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობდა.

პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას რელევანტურად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაზიანების კოორდინირებულ მცდელობებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 318-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, უწყებამ, საჩივრის ერთ-ერთი ავტორი ნანა კაკაბაძე გამოჰკითხა. ის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოდან" პირველი იყო, ვინ 4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

დღის ამბები