
შვედი პოლიტიკოსის ინტერვიუს ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა. შალვა პაპუაშვილისთვის ერიკ ოტოსონის პოზიცია უკრაინული მაიდნისკენ პირდაპირი მოწოდებები და რადიკალიზმია. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოველი "რადიკალი NGO-ს" უკან, "რადიკალი დონორი დგას" და, ამ კონტექსტში "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ახსენებს.
აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის უკან სწორედ შვედეთის ხელისუფლების დაფინანსებაა. შალვა პაპუაშვილისთვის საინტერესოა ისიც, რომ ერიკ ოტოსონის მოწოდებებს შვედეთიდან არავინ გამიჯვნია. შვედმა დეპუტატმა ინტერვიუ ერთ-ერთ მედიასაშუალებას მისცა და თბილისში მიმდინარე აქციების გაფართოებაზე და პროტესტის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობა სრულად იზიარებს. ამბობენ, რომ ერიკ ოტოსონს კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს და ეს მაშინაც გამოიხატა, როდესაც ის ოპოზიციასთან ერთად პარლამენტის წინ გამართულ აქციას შეუერთდა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, რადიკალური მიზნებისთვის ხშირად სწორედ შვედური ფინანსები იხარჯება.
შვედეთის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში. პარტიების ნაწილი მას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, ნაწილისთვის კი ნებისმიერი ფორმით ძალადობაზე საუბარი მიუღებელი აღმოჩნდა.
სამთავრობო გუნდისთვის შვედი დეპუტატის განცხადება არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის სურვილების გახმოვანებაცაა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერავინ შეძლებს საქართველოს უკრაინიზაციას და ვერც მაიდნის შესაბამისი პროცესების განვითარებას.
სახელისუფლებო პარტია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა მყოფ ძალებს მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.