22 მარტი 2025,   19:37
ვრცლად
საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების დანაშაულები უნდა გამოიძიოს, თითქმის სრულად დაკომპლექტდა - დაიკავებს თუ არა გახარიას გუნდი ვაკანტურ 2 ადგილს

საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხუთშაბათს ჩაატარებს. კომისიის წევრები ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელებენ. აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, გაიწერება დღის წესრიგი და საქმიანობის მეთოდოლოგია. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია.

უკვე განსაზღვრულია კომისიის წევრების კვოტები. რეგლამენტის თანახმად, კომისიაში უმრავლესობის და ოპოზიციის თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს. ჯგუფში ოპოზიციური კვოტით ხალხის ძალის 2 და ევროპელი სოციალისტების 1 წარმომადგენელი იქნება.

რვა წევრიან კომისიაში ვაკანტური რჩება ოპოზიციისთვის განკუთვნილი კიდევ 2 ადგილი, რომლის დაკავების შესაძლებლობა გიორგი გახარიას გუნდს აქვს. პარტია "საქართველოსთვის" წევრები საპარლამენტო მუშაობაზე უარს აცხადებენ, შესაბამისად, არც კომისიის შემადგენლობაში იქნებიან. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს არც "ნაციონალური მოძრაობა".

უმრავლესობისთვის საკითხს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური მდგენელი აქვს. "ქართულ ოცნებაში" კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან.

2003-12 წლებში ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. საბოლოოდ, მომზადებული დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება.

დღის ამბები