
"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, "ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე პროკურატურაში დაწყებული გამოძიება სანახაობის დადგმის მცდელობაა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე პასუხისმგებელი პირები თავად "ნეიტრალური საქართველოს" რიგებში უნდა მოიძებნოს.
"ქართული ოპოზიცია დგას ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში და ქართულ ოპოზიციაში გამოსაძიებელი არაფერი არ არის. რაც შეეხება საბოტაჟსა და სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულების მუხლებს, სჯობს, ეს თავად ერთიანი "ნეიტრალური საქართველოს" რიგებში გამოიძიონ - როგორც ახლანდელი, ასევე წინა ხელისუფლებისდროინდელი საქმიანობა. თუ რამის გამოძიება სურდათ, შეეძლოთ, 12 წლის განმავლობაში გამოეძიებინათ, მაგრამ ცხადია, ახლა არის სანახაობის დადგმის მცდელობები", - განაცხადა ლანა გალდავამ.
საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით საქმე პროკურატურამ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ყოფილი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფას ახდენდა და მოქმედებდა გარე დაკვეთებით, რომელმაც საქართველოს ინტერესები დააზიანა.
მოთხოვნათა შორის არის ბოლო 13 წლის განმავლობაში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმების სრულად გამოძიება.