22 მარტი 2025,   19:08
ვრცლად
"საქართველოში დღემდე მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიები, რომლებიც, გარე ძალების დახმარებით, საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას ახდენენ" - ავთანდილ კუნჭულია

ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსი პროკურატურაში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას აფასებს და მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესს უწოდებს.

ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, ოთხი ოპოზიციური ძალა, გარე დახმარებით, დღემდე ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

"ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა განსაზღვრულ ვადებში დადებს ამ გამოძიების შესაბამის დასკვნას, ვინაიდან საქართველოში დღემდე მოქმედებს ოთხი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიები, რომლებიც, გარე ძალების დახმარებით, ახდენენ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას. სწორედ ამიტომ, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით საქმე პროკურატურამ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ყოფილი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფას ახდენდა და მოქმედებდა გარე დაკვეთებით, რომელმაც საქართველოს ინტერესები დააზიანა.

მოთხოვნათა შორის არის ბოლო 13 წლის მანძილზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმების სრულად გამოძიება.

დღის ამბები