
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის საშუალებით, საზოგადოება და დაინტერესებული მხარე, კიდევ ერთხელ იხილავს ოპოზიციის რეალურ სახეს.
"ეს პროცესი დიდი ლუსტრაცია იქნება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ და საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა დაინახოს ამათი სახე - თუ რას აკეთებდნენ ხელისუფლებაში და რით არიან დაკავებულნი, რა ძალები გვყავს დღეს ოპოზიციაში კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით, რომლებიც, დესტრუქციისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გარდა, არაფრით გამოირჩევიან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირას უნდა შედგეს. საუბარია ჯგუფზე, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართოს. კომისია გასულ კვირას შეიქმნა. ჯგუფში მმართველი გუნდის ხუთი წევრი, "ხალხის ძალის" ორი, ერთი კი "ევროპელი სოციალისტების" კვოტითაა წარმოდგენილი. კომისიაში ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის განკუთვნილი ორი ადგილი.