19 მარტი 2025,   23:42
ვრცლად
"არაკომპეტენტური და კორუმპირებული" - ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის წინააღმდეგ

საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის არაკომპეტენტურთან ერთად კორუმპირებულიცაა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამ კვირაზე მეტია USAID-ის საქმიანობას ზედამხედველობს.

USAID-ის საეჭვო მოქმედებებში ეჭვი არ ეპარება აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ილონ მასკი ირწმუნება, რომ ბევრი რამ, რასაც საერთაშორისო განვითარების სააგენტო აკეთებდა, არჩევნებზე გავლენას ახდენდა.

საქართველოში USAID-ის საქმიანობის ზოგიერთ მიმართულებასთან დაკავშირებით ეჭვები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. 2023 წელსაც, შალვა პაპუაშვილი დაინტერესებული იყო, თუ რატომ არ ამხელდა საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ლიდერების კრიტიკული განცხადებების შეფასებას ოპოზიცია თავს არიდებს. ამბობენ, რომ USAID-ი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა და მისი დაფინანსება არაერთ მთავრობას მიუღია. ზოგიერთ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ტრამპის სტრატეგია შეცვლილია, თუმცა პრიორიტეტები უცვლელი რჩება.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში რომ USAID-ი უხეშად იყო ჩართული, ამაზე აკეთებენ აქცენტს სამთავრობო გუნდში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ეს ორგანიზაცია თავისი ფინანსებით რევოლუციური სცენარების დაგეგმვაშიც კი მონაწილეობდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 22 დღე გავიდა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, შეძლებს თუ არა სამომავლოდ USAID-ი დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირების გაგრძელებას. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომლის შესწავლაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობაა. "კრიმინალური ორგანიზაცია", "ბოროტება" და "ჭიების გორგალი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შეფასებების, რომელიც USAID-თან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან კეთდება.

დღის ამბები