19 მარტი 2025,   22:33
ვრცლად
"ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები, საბედნიეროდ, ვერ მართავენ იმ პროცესს, რომელიც ქუჩაშია დაძრული, დაკვეთა იმდენად ძლიერია ოპოზიციაშიც რაღაც შეიცვალოს, რომ შიგნით ოპოზიციურ პარტიებშიც მიდის დუღილი" - თამარა ჩერგოლეიშვილი

არის თუ არა ოპოზიცია ერთიანი და მართავს თუ არა ის პროტესტს - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარა ჩერგოლეიშვილმა უპასუხა.

ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ გარკვეულ თემებზე, ოპოზიცია ერთიანია და მათ მოქმედების საერთო გეგმა აქვთ, თუმცა საპროტეტსო მოძრაობას ოპოზიცია ვერ მართავს და პირიქით - თავად პროტესტი ცვლის ოპოზიციაში გარკვეულ ასპექტებს.

"ფედერალისტები" ვართ არჩევანი, ვძლიერდებით და ამას ყველა ხედავს მგონი, შეუიარაღებელი თავლითაც, რადგან ჩვენ ვპასუხობთ ზუსტად პროტესტის მოთხოვნას. ჩვენ ვართ "ქვემოდან ზემოთ" პარტია, ჩვენი საყრდენი არის ჩვენი მხარდამჭერები. არჩევნები თუ ჩაინიშნება, ადამიანები დაიწყებენ ვარიანტების ძიებას. არსებული ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ამ შემთხვევაში, ოფცია არ არის, იმიტომ, რომ ხალხი უკმაყოფილოა.

სინამდვილეში, ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ამისთვის, ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილთან რომ ვისხედით, ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ პროტესტს დავიცავთ იმით, რომ მოვაგროვებთ პროტესტის მონაწილეების უფლებადამრღვევთა სიას - იქნება ეს რიგითი გამომძიებელი, მოსამართლე თუ პროკურორი და გადავცემთ იმისთვის, რომ ისინიც დასანქცირდნენ, რომ რიგითებმაც იგრძნონ, უკანონო ბრძანებების შესრულება უკვალოდ მათთვისაც არ ჩაივლის - ამაში ვართ ერთიანი.

რაც შეეხება ერთიან სიას - ვაშაძეს უბრალოდ სხვა თემა არ გააჩნია. ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები, საბედნიეროდ, ვერ მართავენ იმ პროცესს, რომელიც ქუჩაშია დაძრული, რომელიც ქვემოდან ზემოთ მოდის და ეს მაიმედებს ზუსტად, რომ ოპოზიციასაც უშველის ეს მოძრაობა. დაკვეთა იმდენად ძლიერია, რომ ოპოზიციაშიც რაღაც შეიცვალოს, შიგნით ოპოზიციურ პარტიებშიც მიდის დუღილი. გარედან, შეიძლება, ეს ყველაფერი არ ჩანდეს, მაგრამ ეს დუღილი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მათში უნდა შეიცვალოს. კიდევ უფრო მეტად ფართოვდება კონსენსუსი იმაზე, რომ ქართველ ხალხს უნდა ველაპარაკოთ ცვლილებების შინაარსზე. მგონია, რომ ეს პროტესტი განაპირობებს იმას, რომ ოპოზიციასაც ჭკუაზე მოიყვანს და მე ვხედავ ამას რეალურად, ვხედავ, როგორ იხსნება ნელ-ნელა ის თემები, რაც მანამდე დახურული იყო. მაგალითად, როცა მე გამოვდიოდი რაღაც შეხვედრებიდან, ამ სამი პარტიის ტელევიზიები ტრიალდებოდნენ და ზურგს მაქცევდნენ - ეს იცვლება ნელ-ნელა, ხვდებიან, რომ ასე არ არის, ხალხი ითხოვს, იმეორებს იმ გზავნილებს, რაც სწორია," - აცხადებს თამარა ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები