19 მარტი 2025,   23:47
ვრცლად
2008 წლის ომი, ძალადობა, ბიზნესზე ზეწოლა, მედიასაშუალებების მისაკუთრება და ა.შ. - პარლამენტში "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო

2003-12 წლებში ხელისუფლების საქმიანობა საგამოძიებო კომისიის შეფასებაში მოხვდება. პირველი სამუშაო დღე, საორგანიზაციო საკითხების განხილვით დაიწყო. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს. ვიცე-სპიკერმა განმარტა, რომ საპარლამენტო პროცესის მთავარი მიზანი წინა ხელისუფლების მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებაა. მოცულობითი მასალა არაერთ მიმართულებას მოიცავს: ციხეებში არსებული ვითარება, გამოწვევები მართლმსაჯულების სისტემაში, ჩამორთმეული კერძო საკუთრება, ყველაზე მთავარი კი - 2008 წლის აგვისტოს ომია, რომლის გამოძიების ადრესატები სამხედროები არ იქნებიან.

რეგლამენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, მდივანი ოპოზიციიდან უნდა აირჩიონ. თეა წულუკიანმა ამ თანამდებობაზე სოზარ სუბარი წარადგინა. ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ სისტემურ დანაშაულზე გამოძიება არა პოლიტიკური სურვილი, არამედ სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა.

კომისიაში რვა წევრი რჩება. ოპოზიციის კვოტებს "ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები" ინაწილებენ. ერთადერთი, ვისაც კომისიაში მუშაობის შანსი აქვს, გახარიას პარტიაა, თუმცა ისინი საპარლამენტო საქმიანობაზე ისევ უარს აცხადებენ. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უცვლელი პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც".

საპარლამენტო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საბოლოო შედეგი დემოკრატიის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის მანძილზე იმუშავებს. მისი საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების განაჩენებს, საერთაშორისო ანგარიშებსა და მედია მასალებს დაეყრდნობა.

დღის ამბები