
მანიპულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებას. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის 1 800 000 000-იან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება.
"საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ "დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი "გაანადგუროს“. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ“, – წერს ფიშერი.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოლდოვა თანხას არა დახმარების სახით, არამედ სესხად იღებს, რის შესახებაც ელჩი არაფერს ამბობს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩის განცხადება წმინდა წყლის მანიპულაციაა, რომელიც საქართველოსი საპროტესტო მუხტის წამოწევას ემსახურება.
"რეალურად, ეს ახალი ინფორმაცია არ არის. კიდევ ერთხელ ხდება ამ ინფორმაციის წინ წამოწევა, რომ ამ დამატებითი მანიპულაციით, დაძაბულობის მუხტი შემოიტანონ ჩვენთან. ეს არის წმინდა წყლის მანიპულაცია, რადგან მილიარდ რვაასი მილიონიდან, მილიარდ ნახევარი არის სესხი, რომელიც მოლდოვამ გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ უნდა დააბრუნოს, თან ეს არის სამ წელზე გათვლილი. ამის პარალელურად, საქართველოში არაერთი მილიარდი, არათუ სესხი, არამედ პირდაპირი ინვესტიცია შემოდის. კიდევ ერთხელ, ეს ადამიანი და მისი კოლეგები, სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი ელჩი საქართველოში, რომელიც შემჩნეული მსგავსი ტიპის მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში. ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები ამ მანიპულაციებისა და ტყუილების გავრცელებით კი არ იყვნენ დაკავებულები, არამედ დაკავებულები იყვნენ იმით, რაც არის მათი მთავარი ფუნქცია - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება და არა ამ ურთიერთობების შელახვა და ძირის გამოთხრა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.