21 მარტი 2025,   12:01
ვრცლად
ევროპის დემოკრატიის ფონდის თავმჯდომარე, რომელიც ქართული მედიის ერთი ნაწილის დასანცქირებას ითხოვს, მეორე ნაწილს კი აფინანსებს - ვინ არიან და რა თანამდებობებს იკავებენ ახალი რეზოლუციის ავტორები

ევროპარლამენტარები დევიდ მაკკალისტერი, მაიკ გალერი, ბერნარდ გეტა, ჟელიანა ზოვკო - EED-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები არიან. ანუ დემოკრატიის ევროპული ფონდის, რომელიც საქართველოში არაერთ მედიაორგანიზაციას აფინანსებს. პარალელურად კი, სწორედ იმ რეზოლუციის ინიციატორები არიან, რომელიც რამდენიმე ქართული ტელეკომპანიის მფლობელის დასანქცირებას ითხოვს. მათ შორის, "რუსთავი2-ისაც". ეს ფაქტი "ქართული ოცნებისთვის" ადასტურებს, რომ ევროპარლამენტართა კონკრეტული ჯგუფი საკუთარი სუბიექტური ინტერესებით მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ მაკკალისტერი და მისი თანამოაზრეები მიღებული რეზოლუციით იმ მედიაკომპანიების დაზიანებას ცდილობენ, რომლებიც მათ შეხედულებებს და პოლიტიკას არ იზიარებენ და საზოგადოებას დეზინფორმაციის ნაცვლად ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან.

ოპოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციის ყველა პუნქტს სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტებს არ უკვირთ, რომ კონკრეტული მედიაორგანიზაციების დონორები, სხვა მედიასაშუალებების მფლობელების დასანქცირებას ითხოვენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი რეზოლუცია, ოპოზიციას ობიექტურ მედიაზე თავდასხმისთვის დამატებით შესაძლებლობას აძლევს - განსხვავებით უცხოური გრანტებით დაფინანსებული მედიაორგანიზაციებისგან, რომლებიც მმართველი გუნდის შეფასებით, მხოლოდ საკუთარი დონორების ინტერესებს ატარებენ.

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რიგით მეექვსე რეზოლუციის მხარდამჭერები ითხოვენ ხელისუფლების ლიდერების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დასანქცირებასაც. ისევ იმეორებენ მოწოდებას უვიზო მიმოსვლის სტატუსის გადახედვასა და ახალი არჩევნების ჩატარებაზე.

დღის ამბები