
გერმანიის ელჩმა დღის ბოლოს აღიარა, რომ 1 800 000 000 ევროდან, 1 500 000 000 ევროს ევროკავშირი მოლდოვას სესხის სახით გადასცემს. მანამდე, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ევროკავშირი მოლდოვას თანხას გადასცემს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომ საუბარი იყო სესხზე.
დამატებითი განმარტების გაკეთება გერმანის ელჩს შალვა პაპუაშვილის პოსტის შემდეგ მოუწია. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასე ატყუებდა საზოგადოებას ქართული ოპოზიციაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველომ ნაჩუქარი მილიონობით ევრო დაკარგა.
გერმანიის ელჩის აღიარების მიუხედავად, გახარიას პარტიაში მაინც ამტკიცებენ, რომ მოლდოვა ევროკავშირისგან მილიარდ 800 მილიონ ევროს დახმარების სახით იღებს. "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში" კი არ უარყვეს რომ თანხის დიდი ნაწილი სესხია, თუმცა ევროკავშირისგან ვალად აღებული ფინანსებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ განუმარტა, რას მიიღებს რეალურად მოლდოვა ევროკავშირისგან. "ქართული ოცნების" წევრებმა გერმანიის ელჩსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ დიპლომატმა მსგავსი მანიპულაციური განცხადებები არ გააკეთოს.
პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში ჯერ დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის მილიარდ 800-ს მილიონიან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი სესხია.