24 მარტი 2025,   01:50
ვრცლად
კრიტიკა ევროპას ევროპის შუაგულიდან - ჯეი დი ვენსმა მსოფლიოს უთხრა, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლების პრობლემებია და კონტინენტი ფუნდამენტურ ღირებულებებს სულ უფრო შორდება

მაშინ, როდესაც ევროკავშირი სხვა ქვეყნებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდეს, თავად ევროპას დემოკრატიას უწუნებს ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონისთვის ბრიუსელი საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს შორდება. კრიტიკა ევროპელმა ლიდერებმა ევროპაში ჩასული ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტისგან მოისმინეს. დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების უკუსვლა, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენის მოხდენა - ჯეი დი ვენსის გზავნილები სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. დონალდ ტრამპის მოადგილემ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი არამედ, თავად ევროპის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია.

ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკულ გზავნილებზე კრიტიკული რეაქცია ჰქონდათ თავად ევროპელებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც მიუნხენშივე განაცხადა, რომ ვენსის შეფასებას უმცირესობის ხმების ჩახშობასთან დაკავშირებით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"ქართული ოცნებისთვის" ვენსის გზავნილები კარგად ნაცნობ თემებს ეხება - საკითხებს, რაზეც მმართველი გუნდი ევროკავშირს ყოველთვის საპასუხოდ აკრიტიკებდა. უმრავლესობაში დღეს დაინტერესდნენ, შეაფასებენ თუ არა მათი ოპონენტები ანტიდასავლურ რიტორიკად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ანალოგიურ გზავნილებსაც.

დემოკრატიის კრიზისს ევროპაში ოპოზიცია ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები უშუალოდ ჯეი დი ვენსის გზავნილების შეფასებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ამერიკისა და ევროპის შიდა ურთიერთობა მათი საქმე არ არის.

"ქართული ოცნება" კი ტრამპის ხელისუფლებასთან ღირებულებით და პოლიტიკურ თანხვედრაზე საუბრობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირს უფლება არ აქვს საქართველო ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდოს, მით უფრო ახლა, როდესაც ევროპის დემოკრატიის პრობლემებზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიც ღიად საუბრობს.

ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლას ბრწყინვალე უწოდა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსს ეთანხმება და ამბობს, რომ ევროპა სიტყვის თავისუფლების შესანიშნავს უფლებას კარგავს.

დღის ამბები