24 მარტი 2025,   00:42
ვრცლად
დაასრულებს თუ არა ტრამპი ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივ ომს? - ზელენსკის პირობები და შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან

მოლოდინის მიუხედავად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის სამშვიდობო გეგმა არ გაჟღერებულა, თუმცა განცხადებები, რომ ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა აუცილებელია, ამჯერად ევროპიდან გაისმა. ასე მოხდა შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და ამერიკული დელეგაციის უკრაინულ მხარესთან შეხვედრის დროსაც. ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ მთავარი მიზნის მისაღწევად, მსგავსი შეხვედრები მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ინტენსიურად გაიმართება.

კონკრეტული გეგმის მომზადების აუცილებლობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსტან შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაამახვილა ყურადღება. ეს გეგმა ზელენსკის განმარტებით, შეთანხმებული უნდა იყოს როგორც ამერიკასთან, ისე ევროპასთან. ამ მოცემულობაში კი უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, პუტინს შეხვდეს.

ზელენსკიმ შტატების პრეზიდენტთან დარეკვაზე იხუმრა, თუმცა ის არ დაუმალავს, რომ ამერიკა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასოდეს უჭერდა მხარს. ამ ფაქტს არ უარყოფს თავად ამერიკის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ომის დაწყების მიზეზი გახდა.

უკრაინასთან ერთად, თუ მის გარეშე, შტატების 47-ე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ცნობილია შეხვედრის სავარაუდო ადგილი, თუმცა ამ დრომდე ღიად რჩება თარიღის საკითხი.

მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ლიდერების მორიგი შეხვედრის ჩანიშვნამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინა არ ცნობს თავის ზურგს უკან მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას.

პარალელურად, ამერიკულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა აშშ-მა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად, სამხედროები განალაგოს.

დღის ამბები