
პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი ყოფილ მოსამართლეზე და მიხეილ სააკაშვილის მოქმედ ადვოკატზე საუბრობს, რომელიც 10 წლის წინ ე.წ. კაბელების საქმის განხილვის დროს ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, დავით ჯუღელი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეც იყო, ობიექტური ვერ იქნება.
სოფო ჯაფარიძე ადასტურებს ფაქტს, რომ დავით ჯუღელი მისი მეგობარი და ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატია. მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ჯუღელი ნამდვილად მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში. არც წარსულზე და არც აწმყოზე კომენტარს არ აკეთებს დავით ჯუღელი - ის "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დავით ჯუღელის ობიექტურობაში დარწმუნებულია ოპოზიციის ნაწილი. მათთვის ყოფილი მოსამართლის დღევანდელი პოლიტიკური საქმიანობა კითხვის ნიშნებს არ აჩენს.
ჯუღელის მიკერძოებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას სახელისუფლებო პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, რომელიც სოფო ჯაფარიძის მეგობარია და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, საზოგადოებისგან ნდობა ვერ ექნება. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დავით ჯუღელი პარტიულ დავალებებს ასრულებს.
დავით ჯუღელმა ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლაში სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერით დაადანაშაულა და მაგალითად ე.წ. კაბელების საქმე მოიყვანა. ყოფილი მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატი თანამდებობის დატოვების შემდეგ მაშინ გახდა, რაც პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე თავის წარმომადგენლად დანიშნა. სწორედ, ჯუღელს შეჰქონდა ამის შემდეგ სოფო ჯაფარიძის გზავნილები მიხეილ სააკაშვილთან.