
ისრაელს აშშ-მა შეიარაღება მიაწოდა. ამერიკულმა სატვირთო ლაინერებმა, აშდოდის პორტში, ათასობით ბომბი კონტეინერებით ჩაიტანეს.
დონალდ ტრამპმა ისრაელისთვის გარკვეული სახეობის იარაღზე ბაიდენის დაწესებული შეზღუდვები გასულ თვეს მოხსნა. ისრაელში იმყოფება მარკო რუბიო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, იერუსალიმის რეზიდენციაში ხვდება.
მხარეები დახურულ კარს მიღმა "ჰამასის| დარჩენილ მძევალთა დაბრუნებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე მსჯელობენ. ვიზიტი გუშინდელ გაცვლას მოჰყვა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" 3 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელის ციხე კი 369 პალესტინელმა პატიმარმა დატოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, შეხვედრის შემდგომ გაიმართება პრესკონფერენციაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შემდგომ დღეებში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებსაც ეწვევა.