
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ - მისივე განმარტებით, სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა.
თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობა სავალდებულოა. "არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში" - თქვა ვიცე-სპიკერმა თემაზე საუბრისას.
"უკვე საჭიროება იკვეთება, რომ პარასკევის სხდომა კონკრეტული პირების მოსმენით გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება უწყებები, არამედ იგულისხმებიან კონკრეტული პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს მართავდნენ ან მართვაში მონაწილეობდნენ.
დღეს სხდომის მეორე ნაწილი რომ დასრულდება, კომისიის წევრები სათათბიროში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ თემაზე, პარასკევის სხდომაზე მოვიწვიოთ თუ არა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. კომისიის წევრები თუ ასეთ გადაწყვეტილებას გაიზიარებენ, ის პარასკევის სხდომაზე იქნება დაბარებული. ასევე მოვიწვიოთ თუ არა ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მართავდა პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ყველა ის ჯარიმა თუ დამამცირებელი პროცედურა, რომელსაც მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ ახორციელებდა. მასთან არის დაკავშირებული ე.წ. თეფშების დაპატიმრების პროცესი და სხვა მრავალი მსგავსი გადაწყვეტილება თუ ქმედება.
ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მოვიდა რეჟიმი ხელისუფლების სათავეში, რომლის შეფასებაც საგამოძიებო კომისიას საქართველოს პარლამენტმა დაგვავალა. ამიტომ პარასკევის სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხს დაეთმობა.
სავარაუდოდ, მოწვეული იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე.
მე მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო, არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო ჩვენს საგამოძიებო კომისიასთან თამაში. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, იმდენად სერიოზული, რომ უარი კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისჯება მკაცრად", - აცხადებს თეა წულუკიანი.