
მიუნხენიდან დაბრუნებულ ექს-პრემიერს აეროპორტში კვერცხებით და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ. გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, რომლებიც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდნენ, გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელ ზონაში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ინციდენტს მმართველ გუნდთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დაშინებას ამ მეთოდით ცდილობს.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ხელისუფლება მსგავს ქმედებებს ოპონენტების ხელწერად მიიჩნევს. კანონმდებლების თქმით, გახარიასთან შესაძლოა კითხვები "ოცნების" მილიონზე მეტ მხარდამჭერს ჰქონდეს, გამოხატვის ფორმებს კი მოქალაქეები თავად ირჩევენ.
გახარიას დღეს სოლიდარობა "ნაცმოძრაობასა" და "ლელოში" გამოუცხადეს. თუმცა, კოლეგებმა ექს-პრემიერს ისიც შეახსენეს, რომ ამ დრომდე საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს.
აეროპორტის ინციდენტზე სამართალდამცველებისთვის, ჯერჯერობით, გახარიას არ მიუმართავს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს თქვა, რომ უწყება ფაქტით დაინტერესდება და მოკვლევას დაიწყებს.
გახარიას გუნდის მხრიდან სპეკულაციურ ბრალდებებზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში პროტესტის გამოხატვის მსგავს მეთოდს არ იწონებენ. თუმცა, ამბობენ, რომ გახარიას მხრიდან პოლიტიკური ღალატის მაგალითმა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვები გააჩინა.
გიორგი გახარია და ელგუჯა ხოკრიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ. როგორც ექს-პრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა იყო.