24 მარტი 2025,   01:50
ვრცლად
აგვისტოს ომის შესახებ საქმიდან გამქრალი "ოქროს მტკიცებულება" - პარლამენტში საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

2008 წლის ომის ოქროს მტკიცებულება, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ წლების შემდეგ მოიპოვა. ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსული აგრესიის უტყუარი მტკიცებულება იყო, ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2018 წელს წარუდგინა. აგვისტოს ომის ამ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლის მოსაპოვებლად ყოფილ ხელისუფლებას საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, პირველმა მომხსენებელმა ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ისკანდერის რაკეტა რუსული სერიული ნომრით, მთავარი მტკიცებულება იყო იმისა, რომ 12 აგვისტოს, როდესაც გორში ქართული სამხედრო ტექნიკა არ იყო, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტურ იარაღს იყენებდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო დოკუმენტებზეც, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით სამართლებრივ დავებს წინ უძღოდა. პირველი, 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაა, რომლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო. ამ დოკუმენტს მაშინ რუსეთმა არა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხელი მოაწერა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2009 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ტალიავინის კომისიის დასკვნაზეც, რომელიც, მათ შორის, ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციაზე დაყრდნობით მომზადდა.

შესავალი სიტყვის შემდეგ, მომხსენებელმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხა. როგორ აღმოჩნდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ხელში ოქროს მტკიცებულება, რომელიც დავაში "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ" გადამწყვეტი აღმოჩნდა? - ეს იყო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" მთავარი შეკითხვა, რომელიც კომისიაში ოპოზიციის კვოტით მონაწილეობს.

როგორ მართავდა "ნაციონალური მოძრაობა" 2008 წლის ომს და რა მტკიცებულებებს იყენებდა რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავებში? - ამ მიმართულებით შეკითხვები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა და უმრავლესობის დეპუტატებმა დაუსვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იმითაც, რატომ ვერ დაადასტურა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მისივე შეტანილი სარჩელით, რომ საქართველოს მოსახლეობა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი 2008 წლის ომამდეც იყო.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რომელსაც საგამოძიებო კომისია 1 საათის განმავლობაში უსმენდა, ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა 282 საქმეზე დაადგინა, აქედან 79% 2003-12 წლებზე მოდის, დარღვევების ნახევარზე მეტი კი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მხრიდან მე-2 და მე-3 მუხლებს ეხება, რაც სიცოცხლის უფლებასა და წამებას ეხება.

დღის ამბები