
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს ყველა შესაძლო მოპასუხეს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. უკვე განსაზღვრულია, რომ მომდევნო სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს - ზურა ჭიაბერაშვილს, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური გაერთიანების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ნათია მოგელაძეს და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატს - ლევან გაჩეჩილაძეს ელოდებიან. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ შესაძლოა, გამოსაკითხ პირთა წრე უფრო გაიზარდოს.
კომისიაში დაბარების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნათია მოგელაძე და თქვა, რომ პარლამენტისა და კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, თუმცა სხდომაზე მივა და კითხვებს უპასუხებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ იმ პარტიაში, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის საქმიანობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.
მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" უარი არ უკვირთ. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ მათი ოპონენტები კონკრეტული დანაშაულების შესახებ კითხვებს მიზანმიმართულად გაურბიან.
საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არც სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით მმართველი გუნდი მათ დაშინებას ცდილობს.
როგორც სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ კონკრეტული დანაშაულების შესახებ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.