
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დღეს მალტის სუვერენული ორდენის ელჩს, ტეოდორიკო ნანისს შეხვდა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მიმართულებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა მალტის სუვერენული ორდენის მიერ საქართველოში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა სხვადასხვა მიმართულებით და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მზაობა.