24 მარტი 2025,   01:08
ვრცლად
"ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს, არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. კერძოდ, მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით ყველაფერს აკეთებდა, რომ მსგავსი შედეგი მიეღო. მისი თქმით, ზურაბიშვილს აფრთხილებდნენ, რომ საზოგადოება მას პასუხს მოსთხოვდა. 

"ადამიანი, რომელიც წუმპედან ამოიყვანა ქართულმა ოცნებამ, მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის. პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა სალომე ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. ზურაბიშვილს რა უკვირს, როცა გამოვიდა და ათასობით მის ადმინისტრაციასთან მოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა, საქართველოს უღალატა და ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო, ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი, საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას. ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს, არ ვეუბნებოდით რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?" - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

 

დღის ამბები