
"ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული" - ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ელჩს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ჰერჩინსკის პირველ რიგში უნდა გაეკეთებინა მოწოდება შიმშილობის შეწყვეტისკენ, თუმცა ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ელჩმა საკუთარი აზრი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში უნდა გამოთქვას.
"მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა და ამ დღეებმაც გამოავლინა კიდევ ერთხელ ის, რაც ვნახეთ სხვა დროსაც, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იყენებენ შემდეგ იარაღად.
მე გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში - ეს აჩვენებს ან მის პირად აცდენას, ყოველგვარ არათუ ევროპულებზე, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მიემართა მზია ამაღლობელისთვის და ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, ნაცვლად ამისა, ვნახეთ მისი მხრიდან წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. ეს აღმაშფოთებელია.
აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და ეს თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში და როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.