
"მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ზის ხელფასზე და დავალებაა ასეთი გრძელი ტექსტების წერა" - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტერე ჰელანდის განცხადება, რომელიც წერს, რომ "ევროპამ უნდა იმოქმედოს, საქართველო კი ბრძოლის ველია".
პაპუაშვილის განმარტებით, მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის წარმომადგენელმა ევროპის ლიდერებს უთხრა, რომ "სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხელი უნდა წყვეტდეს და არა თავქარიანები".
"ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანია შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან და თავის სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ზის ხელფასზე და დავალებაა ასეთი გრძელი ტექსტების წერა. ბევრი გვყავს შემოჩვეული, ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრია - გვლანძღავენ, ეკლესიას გვილანძღავენ, მინისტრები მოდიან და მიტინგებს გვიმართავენ. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ასეთი ქცევები რომ ახასიათებთ, იმიტომაც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. აშშ-ის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხელი უნდა წყვეტდეს და არა თავქარიანები. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი სერიოზული საქმეები არ უნდა იყოს და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით, რომ ეს ასე ცხადად გამოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.